გურამს


ჩვენ ვიცხოვრებდით რომელიმე ფაცხაში, მყინვარწვერის პირდაპირ, რომ მის ფერდებზე დადებულ თოვლს აერეკლა მზის სხივები და ჩვენი კედლები გაენათებინა. 
ვიცხოვრებდით და ყოველ დილას მივეცემოდით უსასრულო პესიმიზმს, პოეიზიას და მოშორებული, ნისლით გადახურული მყინვარის ცქერას. ფიქრში შევასობდით ფეხსაცმლის წვერს მასზე დაკიდებულ ყინულებში და გამყინავ ქართან გამკლავებულნი ავაღწევდით იმ მწვერვალზე, საიდანაც გამოჩნდებდოდა მთელი სოფელი და ჩვენი ფაცხა. 
სიტყვას არ ვიტყოდი ალბათ ზედმეტს, არც მისი ტუჩებიდან გაისმებოდა რაიმე აზრი, დავინახავდი მხოლოდ მის გონს მისივე ძილში. არც მოგონებებს გადმოვაფრქვევდით, არც მომავლის იმედებს, მხოლოდ დავწერდით და გავცვლიდით, გაგვეღმებოდა და რაც მან იპოვა , იმ უცხოს ძებნას დავიწყებდით საკუთარ თავში.
გვეყვარებოდა ერთმანეთის ცქერა, შეხება, ურჩობა და სითამამე, როგორც ბუნებას. ხმაური მდინარეში და სუნთქვა ყველაზე სუფთა ჰაერის. გავაღვიძებდით ერთმანეთს შუა ღამისას , მონატრება რომ შეგვევსო და დაღლილებს გამთენიისას ჩაგვეძინებოდა, ცხელ ოთახში. 
მაგრამ როდემდე ვუყურებდი თოვლს აივნიდან? მაგრამ როდემდე გასტანდა ჩემი ცვალებადი გუნება და არ მომინდებოდა ზურგზე ამეკრა რაც მოვიტანე იმ ცხოვრებიდან , რომელსაც აღარც კი ვიხსენებდით, და მიმეჩინა ძველი ადგილი, ან და სრულიად სხვა, სრულიად უცნობი.
შემაწუხებდა ჩემი ქალაქელობა და დიდხანს ვერ ავიტანდი ყინვისგან დამსკდარ კანს და მის უხეშ თითებს. მის მოყვანილ პამიდორს კი დაეკარგებოდა სისხლის გემო და შავ ძმრად იქცეოდა.
მანამ ვიცხოვრებდით მთის ფერდობზე, რომელიმე ფაცხაში, სანამ კანი უჩვეულოდ გათეთრდებოდა და მივხვდებოდი, რომ ისიც დავხარჯე , რაც არ გამაჩნდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი