შენთან მოვედი ...


დღეს თვალებიდან სევდისფერი გცვივა ცრემლები, 
ჩემი ცოდვებით დამჩნეული გტკივა იარა, 
შენთან მოვედი მე რიგითი მიწის მშობელი , 
ძლივს დაღწეული სისხლისფერი ცოდვის ნიაღვარს .

შენთან მოვედი დღეს თვალებში მიჭირს ყურება, 
ოცდაათ ვერცხლში გადავცვალეთ შენი ღირსება ,
მხურვალე ლოცვით დაიფშვნიტა მთის ხელა ცოდვა ,
შენდობის წვეთი აყვავილდა სულში იებად .

შენთნ მოვედი დალურსმული ვნახე მაჯები ,
კვლავ სიყვარულის ვერ დაცლილი შემხვდა თასები , 
ამ სიყვარულით გოლგოთამდე ჩვენთვის ასულო,
დაუბრკოლებლად აღასრულე მამის ანდერძი .

შენთან მოვედი მე ცოდვილზე ცოდვილი მიწად ,
ვერ ნაღირსები მომაგებე მაინც შენდობა ,
ასე ძვირფასი მაგ სულისთვის მანიშნე რით ვარ 
 რით ვერ იკმარა ამ მაჯებმა ცოდვით ვერ ძღომა .

შენთან მოვედი ღვთისმშობელი ძალზედ მწუხარე ,
შვილის შემყურე განსაცდელში  ცრემლით ძღებოდა ,
ისე სტკიოდა როგორც არცერთ დედას მიწაზე ,
და ნაადრევი გაზაფხული სულში კვდებოდა .

შენთან მოვედი ჯვარზე გაკრულს მიჭირს გიყურო,
ჩემი სხეულის ცოდვებისთვის ხარ ნაწამები ,
დაფლეთილ ხორცზე დამჩნეული მათრახის წყება ,
და სამეუფოდ დაბნეული ეკლის გვირგვინი.

შენთან მოვედი დარბეული დამხვდა ტაძარი 
და დიდებისთვის მონათლული რწმენა გოდებად 
ირგვლივ უღმერთოდ აყვანილი ცამდის ადათი 
და ცოდვილთაგან შელახული საღმრთო მოვლენა .

შენთან მოვედი მაგრამ ვინ ვარ ხორცის ნაგლეჯი ,
რწმენის დარბეულ საძირკველს მწამს სადღაც ავაგებ ,
ვეღარ დაგვცლიან ამასოფლად ცოდვის მაჯები ,
ვერ დახუჭავენ თვალთა გუგებს რწმენით განათევს .

შენთან მოვედი ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი