0 349

ეს ყველაფერი ხდება შემდეგ ..


ეს ყველაფერი ხდება შემდეგ -
იმის შემდეგ, რაც უკვე მოხდა;
იმის შემდეგ, რამაც ჩაიარა,
წავიდა და წარსულს შეერთო.

ეს ყველაფერი ხდება შემდეგ:
ეს წასვლა-მოსვლა,
ეს წვრილმანი საქმეები,
შეხვედრები, დღეები და საღამოები;

ეს - ფანჯარასთან დგომა და ყურება გარეთ,
სადაც ან ისევ წვიმაა, ან ისევ ქარია;
სადაც ისევ გრძელდება ცხოვრება
და გრძელდება ჩვეულებრივად.

ეს ყველაფერი ხდება შემდეგ:
ეს ვითომდა მხიარულება,
ეს ღრიანცელი,
ეს უეცარი აფეთქება -
ეს ძირს დანარცხებული სასმისი
თუ აყირავებული მაგიდა...

ეს ყველაფერი ხდება შემდეგ:
ეს მარტოობა და ეს გარინდება,
და ეს - უნებლიეთ წამოცდენილი სახელი,
რომელიც უკვე აღარაფერს ნიშნავს.
კომენტარები (0)