ტრიპტიქი


1. აგვისტოს ჩვენება

აგვისტოა და ისევ წვიმს… ვზივარ და ვწერ ავტობიოგრაფიას, რომელიც სადღაც სჭირდებათ და დაწერაც ამიტომ მომთხოვეს. ვწერ ავტობიოგრაფიას, როგორც აღიარებით ჩვენებას სასამართლოში წარსადგენად; ვწერ და თითქოს აღსარებას ვეუბნები მავან მღვდელს, ანუ მამაოს, ვინც, ღმერთმა იცის, როდის გამიმეტებს, ჩამიშვებს და გამომაჭენებს. მე ვწერ ავტობიოგრაფიას და ყველაფერს გულწრფელად ვაღიარებ. და როცა ვჩერდები და სკამიდან ვდგები, სულის მოსათქმელად და წყლის დასალევად, მხოლოდ მაშინღა მახსენდება: „მამაო ჩვენო…“ და არავინაა ირგვლივ, რომ მისმინოს და დამიდასტუროს: „ამინ !..“

2. სამება

მე ვერ ვხედავ ღმერთს, ვერ ვხედავ სიყვარულს, ვერ ვხედავ სიტყვას… მაგრამ, როცა ვწერ სიტყვას, მე ვხედავ მას – ვხედავ სიტყვას; სიტყვაში ჩნდება სიყვარული და შორიახლო ღმერთიც ილანდება

3. წუთი

მარტო ვიყავი და არავინ მიყურებდა, არც სარკე მედგა წინ, რომ შემეხედა და ჩემი სახე დამემახსოვრებინა. არადა, ღირდა!.. მარტო ვიყავი, მაგრამ შენ ხომ მაინც მხედავდი, ღმერთო ! – იმ წუთას ხომ შენ მაინც მხედავდი ? როგორი აღარ გინახივარ: მშვიდიც, კარგიც და ნირწამხდარიც; აუტანელიც, საზიზღარიც და სასაცილოც და, ვინ იცის, ჩემზე რა არ გიფიქრია, და, ვინ იცის, მე როდის რას ვიმსახურებდი. მაგრამ, უფალო, გთხოვ, გადადე სხვა სურათები და ასეთი დამიმახსოვრე: როდესაც მე მარტო ვიყავი და ახლადმიღებულ წერილს ვკითხულობდი – ხელში ორადგაკეცილი ფურცელი მეჭირა; თვალებზე ცრემლები მადგა და სახეზე მეწერა: გაოცება, სიხარული, მადლიერება და თვითონ მეც ალბათ სინათლეს ვასხივებდი ოთხივე მხარეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი