ჩემი ბავშვობა


მომაგონდება ჩემი ბავშვობა,
ტკბილი ბავშვობა და უდარდელი,
მამას პატარა კოხტა ვენახი,
ვენახთან ბაღი, მდელო და ველი,

ველის გადაღმა ანკარა ღელე
და ღელეს იქით გორა მწვანე ტყით,
ტყის პირას ჩემი ძველი ხის ოდა,
სამი ოთახით გრძელი აივნით.

და გულში ტკბილი გრძნობა იღვრება,
როგორც მაჭარი ქვევრში ხმაურით.
სიმინდის ყანა მომაგონდება,
ატმის ხეებით, ვაშლით, ალუბლით.

მაყვლის ბუჩქიდან შაშვი უსტვენდა,
თეთრი ნისლები ძოვდნენ ჭალაკებს,
ხევში მოსჩქეფდა ანკარა ღელე,
ჰყვებოდა მთის და ბარის არაკებს.

ეს ყველაფერი დღეს სიზმარს მოჰგავს
და ვით იქნება არ გავიხსენო,
ტყის პირს ჩადგმული ის ძველი ოდა,
ის მშვენიერი ბაღი და მდელო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი