0 108

დიოფიზიტური ტირადა


(ბატის ფრთისა და დახლის თანხლებით)

თაკარა მზით და ღრიანცელით
თავი მევსება.
ბრიყვი ვყოფილვარ _ ეს-ეს არის
შემატყობინეს.
ვდგავარ აქ, სადაც დახლებია
და ვილექსები
მე _ პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.
ვიცი, თქვენ მაინც არ იფიქრებთ,
გასულელდაო,
არ გადაგცდებათ ყელში შაქრის
მამალოები, _
უწყით: ბაზარი ბაზარია
და სულ ერთია,
სტამბულის არის,
ჩიტების თუ
ამაოების.
ასე რომ არა, ვახსენებდი
ფრანსუა-ფრანცუზს,
არ მოვყვებოდი უთავბოლო
ფიცილს და ჩიჩინს,
მხოლოდ დავძენდი:
მართალია,
ძალიან არც მსურს,
არც მომდევს-მეთქი ყაჩაღობის
საშური ნიჭი.
ხოლო ბაზარი? _ თუ მიუდექ
ამ საქმეს ჭკუით
და შნო-ლაზათით, შეიძლება
არც იზარალო!
(მერე რა, თუკი ცოტა-ცოტას
სასწორი ტყუის,
როცა მართალი ქვეყანაზე
კაცი არ არი?!)
მაგრამ ბედისგან ძნელად ვინმეს
ნახავ დანდობილს
და თუ გაწყრება იღბალი და
მეც არ დამინდობს,
თავს მივანებებ უიმედოდ
იაფ კარტოფილს, _
უფრო სარფიანს გამოვიტან
კიტრს და პამიდორს.
ან რომანტიკულ-ეგზოტიკურ
ბანან-ანანასს
წონით ვიყიდი და გავყიდი
თითოდ, ორ-ორად
და თუკი მუქთად არ გავატან
ლამაზ მანანას,
კი გავაკეთებ ერთი კაი
წიგნის ჰონორარს...
მაგრამ “ჩეკისტი” ჩამოივლის
ბრძნული იერით,
კიდევ ათასი ჩინ-მაჩინი
და ეპოლეტი...
საბრალო ისევ შემომრჩება
ჯიბე მშიერი
და სევდიანად შემახსენებს,
რომ ვარ პოეტი.
თავგადაკლული დამიმოწმებს
ყველა თვისებაც:
შემომჩვევია აჯაგრული
ურვის ობობა
და აქაც, თუმცა ღრიანცელით
თავი ივსება,
ყელში გამჩრია უპატრონო
უთვისტომობა.
ან როცა ვუმზერ კლიენტურას,
აფოფრილ-მკივანს,
მათანასწორებს ვინც ჯალათთან
ანდა დებილთან,
გგონიათ, გული არა მტკივა?
პირიქით _ მტკივა,
და უფრო მეტიც _ გული მტკივა
დაბადებიდან.
ჰოდა, სანამდე აიტანოს
ყოფის ტაქტები
ამ უცნაურმა, საოცარმა
ჯადო-თილისმამ?! _
ვიცი, გასკდება და არ ვიცი,
რას შევასკდები _
საწერ მაგიდას თუ ტომარას
კარტოფილისას.
სრულყოფილებას თუ აკლია,
მხოლოდ ის _ ბასრი
სამართებლით რომ მოცახცახე
ვენას მოზომავ...
ეგ რაა, დახლის რომ მეშოვა
მაგივრად კასრი _
განაღდებული მექნებოდა
გენიოსობა...
ვიცი, მიჯერებთ, მაგრამ ეჭვიც
მორბის ძუნძულით,
გაბეზრებული ჩემი ბოდვის
უთავბოლობით.
მაკვირვებთ, როგორ არ იკმარეთ
ასე უნდილი
სახეები და უღიმღამო
მეტაფორები!
აჰა, ინებეთ, სანამ გეტყვით
ღამეს მშვიდობის,
კიდევ საბუთი უტყუარი
და თვალსაჩინო:
თუმცა წააგავს დახლი ესე
ნოეს კიდობანს,
მეტი არ არის ჩემი მტერი _
გადამარჩინოს...
მაგრამ გავჩუმდე, თორემ ფიქრობთ,
ფუჭად ვიღლები
თეატრალური ორი ნიღბის
ფეთქვა-ფოფინით.
ერთი იწამეთ: მართლა მე ვარ,
რისი ნიღბები!
მე _ პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.
კომენტარები (0)