თიხის მთვარე


მან გადათვალა ვარდები თვალით
და აფროდიტა შეიცნო თავში.
ვეკიდე ლანდი, შორი და მკრთალი.
და ქალღმერთობას ცდილობდა ბავშვი.
ალბათ, ეს ღამეც კაეშნის დროა.
სარდაფში ლოთობს მურდალი ბედი.
შემომრჩენია ფიქრების გროვა _
ხანდახან ხროვა _ არარა მეტი.
გამხდარა ღვინო ბლანტი და მდარე
და ჯიგარს მიბრდღვნის გაბოროტებით.
დაღლილი თიხა _ ჰკიდია მთვარე _
ნაზელი ღმერთის და პოეტების.
და ყველა უბანს
და ყველა ქუჩას
მიმქრალი მთვარის ეღვრება წვენი.
გარკვევით მარტო ეგ მთვარე მოჩანს
და დაქცეული ხუხულა რწმენის.
მან გადათვალა ვარდები თვალით
და აფროდიტა შეიცნო თავში.
და ვუყურებდი შორი და მკრთალი,
ქალღმერთში როგორ გაცვალეს ბავშვი.
და ახლა, როცა ნაცართან ვცხოვრობ,
მართლება თავის არ მინდა მეტი:
მე სილამაზეს ვეტრფოდი მხოლოდ.
მე არა მწამდა არასდროს ღმერთი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი