0 223

გათავდა! დამთავრდა! დასრულდა!


გათავდა! დამთავრდა! დასრულდა!
ავქალო - გავხდები მეც ავი!
რა მექნა - არაფრით არ მსურდა,
მეკოცნე - უბრალოდ მეძავი
არყოფილ გალავანს ვუარე.
საჭვრეტელს შლეგივით ვეძებდი.
იქნება - გეფიქრა უარი,
ან - სიძვას უნდოდა რეცეპტი?!
რა მრჯიდა, მიწას რომ მოვცილდი,
ვარსკვლავი ვარდივით მოვწყვიტე...
და ისე სათუთად გკოცნიდი,
თითქოსდა პირველად გკოცნიდნენ! -
ვიდრე არ აქუხდა კლავიში,
ბანგიან ჰანგების მლეწავი,
და ლოცვით გამოწვდილ მკლავებში
არ შემრჩი - უბრალოდ მეძავი!
ჯანდაბას ურვა და ჩივილი!
დე, ყველა მახვილმა გამიჭრას!
მეყო, რაც საკუთარ შვილივით
ვეფერე ტრფიალის ნაბიჭვარს!
და აჰა - შენთვისაც მადლია,
ტკივილი ლაგამად გამოხრა -
გაფურთხო, გიკურთხო, გათრიო -
სასჯელად და გულის საოხად!
მერე კი: შევკაზმო იორღა,
გზა-შარა ქამრებად მოვიკრა,
დაძენძილ მანძილებს ვდიო და...
თავი უშენობით მოვიკლა.
კომენტარები (1)

ნატალია რობაქიძე - 17.07.2021

მომეწონა❤