სისხლის მორევში...


სისხლის მორევში მორიალე გედი ხარ ნორჩი,
შეღებილია ალისფერად შენი მანტია...
ცრემლში იხრჩობი მოყვრისაში და მკვდართა მძორში...
წყალი გწყურია...
არვის მოაქვს...
ყველა ზანტია...
არავის ესმის გულსაკლავი მღერა გედისა,
სულთმობრძავისთვის ემეტება არვის ფერება...
შენ სიკვდილისთვის მიუნდვიხარ წერას ბედისას,
ბედის, რომელიც გპირდებოდა არდაბერებას...
შენ ძმათა სისხლში მოცურავე სპეტი გედი ხარ,
შენთვის ამ წუთას არც ქრისტეა და არც ალაჰი,
ბოლო წვეთამდის შეანთხიე სისხლი ბედ-იღბალს,
თუმც მირონცხების საპირწონედ გეზღო ტალახი...
ჩამოიქუფრა არემარე...
ზეცას მონაცრულს
კვლავ წაეკიდა მეხთა ჭექა, ცეცხლით ნაჭედი...
შენ კი კვლავ სისხლის მორევს არღვევ,
შენ კი კვლავ ცრემლის მორევს არღვევ,
შენ კი კვლავ ცეცხლის მორევს არღვევ...
გთხოვ, არც გაჩერდე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი