...და ვაი, ღვთიურ სინათლეს რომ ვერ მოესწარი...


(ზვიად გამსახურდის ხსოვნას)

შეხე შენს სახეს: _ ჟამშეპარულს და ნაამაგარს,
სულის სარკეში დაყუდებულ სევდის ბარაკებს,
ოცნება შენი მზეჭაბუკის ზღაპარს წააგავს
და სინამდვილე სულხან-საბას იგავარაკებს...
შენ გაგივლია უსიერი ტევრი ცხოვრების
და ეკლიანი მარწუხები გხვევია ბარდის,
სიყვარულისთვის შეგიწირავს მსხვერპლად ყოველი,
თუმც სიყვარულის ნარიანი გხოკავდა ვარდი...
შენ უდაბნოში ამოსული იყავ ზამბახი
და საკმეველი სიკეთისა _ შენის მირონით,
ვერ დაგეუფლა შეგონებით, ვერც სიახმახით,
ხელი მსახვრალი, უწმინდური, ვერაგ მიონის...
და უნაპირო სილაჟვარდე ეფინებოდა
ყოველ შენს ნაბიჯს ცხოვრებისას, ყოველ სტრიქონებს,
მაგრამ გზის კიდეს შემოეკრა ,,ყავრად თებო’’ და
დაუნდობელმა გრიგალებმა გადაგიქროლეს...
შენ ოცნებობდი სამშობლოზე ძლევამოსილზე: _
გსურდა გეხილა ცისკროვანი, როგორც ვერსალი,
თუმც რეალობას ზმანებანი სწრაფად მოსცილდნენ
და ვაი, ღვთიურ სინათლეს რომ ვერ მოესწარი...
... დღეები რბიან, ვით ტალღები კლდეთა ქიმიდან,
ყოველ ახალ დღეს რთავენ ცრემლად და იარებად,
მოგონებები ირევიან სიყმაწვილიდან,
გულში კი ისევ ოცნებები დაიარება...
						20 დეკემბერი, 2008 წ. ქ. თბილისი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი