ალფონსის მონოლოგი


(იუმორესკა)

აღარ ვწონი სასწორით
ხანი შემრჩა რამდენი,
წლები უსწორმასწორო
ნახირივით გავდენე.
არცა ვჩქარობ დაყანდეს
ხნული მრავლისმომცველი,
ახალ დროის მაყალზე
ვაშიშხინებ ოცნებებს.
ქარვაცურვილ მტევნიდან
გადმოვწურე სილაღე:
,,მოვინელე’’ ბევრი და
ბევრიც  ,,გადავინახე.’’
ოჰ, რამდენი არაკი,
მისწრაფება ულევი
გულში დამიბანაკდა,
ჰოდა, მაგრად ურევენ...
უგზო, უსწორმასწორო, 
კვლავ ვრცელია სავალი...
ამეშალა სასწორი,
ამეკიდა ,,ზღვა ვალი’’...
ახლა ვხვდები: ,,გაძლება’’
არ ყოფილა იოლი, 
სანამ სული გამძვრება
თეო, ნატა, ვიოლა ... ---
ერთი განცდა მე დიდი
გულზე ლახვრად მესობა:
თან არ გამყვეს კრედიტი –
თქვენი უალერსობა!
... თუმცა თქვენ რას შეგასმენთ
ამ ,,უღმერთო ვამპირებს’’ ...
თქვენს ჯინაზე ჯერ ,,ასეთ’’
სიკვდილს მე არ ვაპირებ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი