მუზას


ღამემ ზარი უკვე ხუთგზის ჩამორეკა,
რაღა ღამე, გაცისკარდეს ლამის მთებით, 
მე კი ისევ სტრიქონს ვშლი და სტრიქონს ვკენკავ,
ღამეს ვსვამ და უშენობით ვიმუხტები.

ცრემლს ვებრძვი, თუ ცრემლი მებრძვის, ვერ გავიგე,
ვერ ავხსენი მისი უტყვი ხვაშიადი...
ერთხელ მაინც მოდი, ბედთან შემარიგე,
ან უბრალოდ ნიავივით გაშრიალდი...

ერთხელ მაინც დამანახე შენი სახე,
ამაჩქროლე, ამანთე ან შემამწუხრე,
გული ისევ საგულეში შემისახლე...
მერე წადი ღმერთთან...
აღარ შეგაწუხებ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი