გაჩერებასთან ვდგავარ მარტოკა


გაჩერებასთან ვდგავარ მარტოკა,
როგორც უმრევლოდ შთენილი მწყემსი,
რად იგვიანებს? _ გული ატოკდა...
ნუთუ შუა გზაზედ დამტოვებს დღესაც?!
ქარი ქრის... ირგვლივ ირევა მტვერი
და პირისახეს მსუსხავს ტიალი,
წინ მიდევს გზები შორი და ვრცელი,
ავტო კი არა სჩანს... კვლავ იგვიანებს...
გაჩერებაა, თუ დრო დაჩერდა?
იქნებ აღარ ღირს ჭიდილი ჟამთან
და უიღბლობაც მიტომ დამჩემდა,
რომ ის აღარ მწამს, რაც ადრე მწამდა?!
იქნებ აღარ ღირს ველოდო იმას,
რაც არასოდეს გახდება ჩემი, 
რამაც მარგუნა სუსხი და ყინვა,
აუტანელი მომმადლა გვემა...
მე მაინც ველი... ასე მგონია,
რომ მის გარეშე არ ჩანს იმედი, 
რომ ვერ დავაღწევ თავს აგონიას
სადაც მივიწევ, თუ არ მივედი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი