პაიკის როლი


როგორც პაიკის შემართება მეფეს ქიში და
თუნდაც შამათი განუცხადოს ნიშის მოგებით, 
ამბიციები იბადება ისე ქვიშიდან _
ყოფიერების ინსტრუქცია-კატალოგებით.

თავდაპირველად უძრახველი პაიკები ვართ, 
შემდეგ იწყება აზვირთება და ამხედრება: 
ყოფიერების სქელტანიან ბაინდერიდან
ჩვენ-ჩვენს უჯრებზე როს ვლაგდებით და ვეხეტებით...

ზოგი პაიკი იმთავითვე გულ-ხელს დაიკრებს
და მის გზას ადგას, იმართება ვისი ხელითაც, 
იღწვის ეულად, ეულადვე კვდება პაიკად,
რადგან სულითაც პაიკობას ვერ განერიდა.

ზოგი ბობოქრობს, არ უდრკება არცერთ ფიგურას,
ბედისწერასთან მიაჩნია ფუჭად კამათი, 
თუ დასჭირდება ლაზიერის ქუდს დაიხურავს,
უკომპრომისოდ მეფესაც კი დააშამათებს.

მისთვის ერთია ანარქისტი, თუ პაციფისტი, 
ლმობიერებით ოსტატურად ნიღბავს სიხისტეს.

ამდარ პაიკებს არ ანაღვლებთ უცნობ-ნაცნობნი,
მათთვის მიზნისთვის თამაშია მხოლოდ ,,კაცობა.’’

ამდარ პაიკებს სასახლეში მოსდგამთ ყისმათი, 
ნაზირ-ვეზირზე მეტად ფასობს სიტყვა იმათი.

...და ეწირება მათ განგებას აზრის სიმართლე,
ის მეფეებიც _ სჯულზე ხმლით რომ ვერ აღიმართნენ...

კაცობრიობა იმდაგვარი თარგით იმკობა,
ვეღარც კი არკვევ მეფობა სჯობს, თუ პაიკობა... 

თუ გამსვლელ პაიკს სათანადოდ ვერ შეაფასებ,
დაიხრუკები უცილობლად შენსავ ტაფაზე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი