ქარმა ღრუბელი ისე მოგრიხა


ქარმა ღრუბელი ისე მოგრიხა,
რომ მარყუჟივით მთვარეს წაება...
ახლა სიცოცხლევ ისე მოკლე ხარ
და ისე მშვიდი როგორც ღვთაება,
რომ მზად ვარ ყველა მარცხი შეგინდო...
შენც მომიტევე, ის რაც გაწვნიე:
რომ უმეცარმა შენმა შეგირდმა 
ჩემს არეალში შემოგამწყვდიე,
რომ ჩემს სხეულში, როგორც დილეგში
განგაცდევინე წლების სიმკაცრე,
რომ შენი ხიბლი ისე მივლეშე,
ერთხელ კაცურად ვერ გავიკაცე...
რომ მოვვლე ყველა სჯულის ტაძარი,
გზებით მაცდურით, განაპირათი,
რომ ეს მე ვიყავ: _ გაუმაძღარი,
უღვრთო მსაჯული შენი, პილატე...
... ახლა მშვიდნი ვართ... ვნება ჩაიხშო...
მწუხრი იმოსავს ნაცრისფერ სამოსს, 
ლამის მთვარემაც თავი დაიხრჩოს,
ლამის სიცოცხლეს გამოვესალმოთ...
და მაინც მსურხარ, როგორც წყლის წვეთი, 
როგორც ციტადელს ბურჯი ქვითკირის, 
რომ ამ ცხოვრების ყოველ დღის ცვეთა
ყოველ ღამის სწორს გამოვიტირო...
და თუ მაისმა ისევ მომბანა
სული, გაჭრილი ხრიოკ ტრამალზე,
შენს სპეტ თვალებში დამალობანას
მეათასეჯერ გავითამაშებ...
...ქარმა ღრუბელი ისე დაგრიხა,
რომ ლამის ყულფად მთვარეს წაება...
ახლა ძვირფასო ისე მაკლიხარ
და ისე შორს ხარ, როგორც ღვთაება...…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი