შენ და მარტი


ჰა, ეს წამიც ასწლეულმა მიითვალა,
როგორც უტყვი, თანამდევი სხვა წამები...
გაზაფხული მოიპარა იისთვალა:
ღრმად მოხუცი, ახალგაზრდა წამწამებით...

შენ კვლავ ის ხარ...
ის მარტია, რაიც შარშან,
ან შარშანწინ გახლდა შენი გულის სწორად...
მხოლოდ მკლავში ჯანი გაცვდა, სისხლი დაშრა,
თმაში თეთრი მოგეჯარა ერთი-ორად...

შენ კვლავ ის ხარ...
ისიც შენებრ ცას ევლება:
არ დაგიდევს ღვარცოფებს და ქარტეხილებს,
ძველის ახლით საწყისიც და გაგრძელებაც, 
შენებრ პატივმოყვარე, სვე გატეხილი...

ჟამთა სვლაში განახლება ეჩარხება, 
როს გგონია მიმქრალა და მილეულა...
რაც დრო გადის წარსულს მეტად ეჯახები, 
არაფერი არ იცვლება ძირეულად...

შენ კვლავ ის ხარ _
უსახლკარო, როგორც მარტი,
არც საამო გეთქმის მისი, არც აუგი...
ღამეს ტეხავ, სწევ თუთუნს და წრუპავ მარტინს,
ერთის განცდით: _ მარტია და რას გაუგებ...

შენ და მარტი _ ზღვა შლეგი და წყარო მდორე,
ცეცხლისა და ქარიშხალის ბრმა ნაზავი...
და მერმისიც იგი მარტი არის სწორედ,
დეკემბერთან და ბედთან რომ დაგაზავებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი