მოდის მაცდური ვნება


მოდის მაცდური ვნება
და მღელვარება შორი:
სილუეტების წყებად
ბუტაფორიულ ბროლის...
ვგრძნობ, რომ დამჩემდა რისხვა:
იჭვის გადმექცა ჩარხად,
მე რომ ველტვოდი, ის ხარ
და თითქოს მაინც არ ხარ...
თითქოს ეყრება ცნობა
სულის ოვალურ ფარჩას,
ვუხმობ ჭეშმარიტ გრძნობას,
თუმცა მსმენელი არ ჩანს...
და ვით გვემული ავსულს,
ვით ფერფლი ცეცხლის ენას,
ვუმზერ მოპარულ წარსულს _
შუშით გადახსნილ ვენას...
ოჰ! როგორ მოსჩქეფს სისხლი,
ნიაღვარების წყებად,
როგორ იშლება ნისლი
აკვიატების წლებად...
ჟამი ყველაფერს მარხავს,
გული არას თმობს მისხალს,
შენ თითქოს მაინც არ ხარ
და თითქოს მაინც ის ხარ...
ღამე დაიწყებს თრობას,
ბედს იმას არგებს, ვინც სურს...
მივდევ ჭეშმარიტ გრძნობას,
მაგრამ ვეწევი ბინძურს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი