ეს გაზაფხულიც აფეთქდა ნორჩი...


ეს გაზაფხულიც აფეთქდა ნორჩი,
ვარდის ფურცელთა მოდგა ნათელი...
შენ კი გულს ისევ ჭმუნვად შემორჩი,
ვით ხანძარს ფერფლთა კორიანტელი...

რა არ ვეცადე: _ ეშმას ვიწვევდი,
არ დამიზოგავს ხერხი არც ერთი,
რომ უსიკვდილოდ დაგივიწყებდი,
რომ შენს ზმანებას თავს დავაღწევდი...

მაგრამ ამაოდ... ვერ დაგივიწყე,
თუმც თებერვალმა დათმო ბეგთარი,
თავს წამომადგა მარტის სიფიცხე,
ვით კოხნარევი თქეში ხეთა რიგს...

და მაშინ მივხვდი, რომ არ აქვს აზრი,
ვერ რას გახდები, რაგინდ გეწადოს,
მის _ რასაც უფლის ბეჭედი აზის, 
შეცვლას, გარდაქმნას რომ შეეცადო...…

და შენ გთხოვ, ღმერთო, თუ მომეც ნიჭი,
თუ ამ ცხოვრების ჩარხი ამიწყე,
მომეც იმედიც, წინ წარსდგა ბიჯი: _
ვინც შემაყვარე, ის დამავიწყე...

... მე მოლოდინის ზღვაში მივცურავ
და გზას მივარდებს მწუხრის მშვენება...

თუ ამ იმედსაც გადამიწურავ,
ღმერთო! ... არ ვიცი, რა მეშველება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი