ისევ უბრად დაიჭირე თავი


ისევ  უბრად  დაიჭირე  თავი...
ჩემი  სულ  არ  შეისმინე  აჯა:
უმოწყალოდ  დამაფერთხე  ზვავი,
უსაშველო  მომივლინე  ტანჯვა.
ვაი, ასე  თუ  საერთოდ დამცე ---
წინათგრძნობა  გამიცხადო  ავი:
აღარა მცნო  კაცთა შორის  კაცად
და მაქციო  საჯიჯგნელად  სვავის?!
პაწაწინა ღაბუა ხარ მტრედი,
(თუმცა გულს კი აფთარივით მძიძგნი)
სიყვარულის ქარაფინდა ლედი ---
სათაყვანო... ზოგჯერ გასაწიწკნიც...
გთხოვ,  დამინდე... მე ბავშვი ვარ ისევ
და ვერაფრით ვერ ვიზრდები ჯერაც:
კვლავ ამურულს ვიგერიებ ისრებს,
კვლავ ბავშვური სიყვარულის მჯერა...
მაგრამ  თუკი  არ  შეისმენ  ლოცვას:
არ  დამიმსხვრევ  მარტოობის  ზარებს,
სხვას  მივუძღვნი  ქარიზმატულ  კოცნას:
შენს  მაგიერ  სულ  სხვას  შევიყვარებ!
მაშინ  თვალსაც  გაგისწორებ  ურცხვად:
მისთვის  დავკრეფ  ვარდებსა  და  ტიტებს...
კაცის  გული  პატარაა, თუმცა
მეტისმეტად  ბევრ  სიყვარულს  იტევს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი