სიზმარი


... და იდგა ღამე ვნებათაღელვის,
იანვრის ჭირხლი ერთხმოდა სარკმელს,
ბუხრის წინ ალთა მზისფერი ელვით
და ტრფიალებით იწვოდა სარკე...
საწოლზე გრძნეულ სიცხადით იჯექ,
იშლიდი ნაწნავს კდემით და თრთოლვით...
შარას კი მწუხრი საზღვრავდა მიჯნებს
ტალახათრეულ და სპეტაკ თოვლის...
ცვიოდა ფიფქი, ბორგავდა ვნება,
ებრძოდა საწყისს გრძნობათა ძალი: _
ტოვებდა ქალწულს ღამესთან ნებით
და დაბადებას იწყებდა ქალის...
... და თითქოს ურომ გაჰკვეთა გრდემლი,
იფეთქა მამრში ჟინმა ცხოველის...
და შენი ტანის ჟრჟოლა და ცრემლი,
გამოძახილი იყო ყოველის...
გამომეღვიძა... მიჭვრეტდა სარკე...
თვლემდა ნახშირი ტიალ ნაცარში...
მოვავლე თვალი ოთახს და სარკმელს: _
არც თოვლი ჩანდა სადმე, არცა შენ...
გაფრინდა ცხადლივ ზმანება ყოვლის,
შენც ჩაჰყევ ზღაპარს თრთოლვით უბეში,
ვით ხელთუქმნელი აპრილის თოვლი
და მოლოდინი მანდე ნუგეშად...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი