ლეგენდა


„რაო, მეფე ერეკლეო? ...არა, ეგ ტყუილია. 
მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს თათარს...“
                                       იაკობ გოგებაშვილი


მახსოვს, ყვებოდა პაპაჩემი – მთვარის მლესავი, 
როგორი ქუდი დაეხურა უნდა ჩემიანს...
ახლა კი ვხვდები, მატიანეს სანიშნესავით
ვიწრო ორღობე ჩაკეცილი რად ჩარჩენია
გულში... ვფიქრობ და ვიცი, ჩემში ჯავრი არა ზის,
რადგან ვარდები მჯერა, მუდამ არც მას ეფინა,
ამის გამოა, იღბალმა რომ იმ ერთ შარაზე,
სპარსული ქუდი რკოსავით რომ გააგდებინა... 

ღმერთო! მეორედ ალბათ მაშინ დაპატარავდა,–
კახი. სირცხვილით რომ აეწვა მკაცრი პირ–სახე.
გაქცეულ გოგოს გაეკიდნენ სახლის კარამდე,
ბოლოს პირჯვარიც ქართულადვე გადაისახა;
წარსულს ვმუჭავ და ამ კადრებსაც ასე ვატარებ,
ვებღაუჭები ღრმა ფესვებს და მჯერა, დღითიდღე,
რომ ორღობეში ვინმე სპარსი, ანდაც თათარი,
სანამ მეორედ გაბედავს და ჩამოივლიდეს,

მანამ მრავალგზის გამოივლის ბედის სიავე,
ან უფრო ხშირად დაირწევა მუხის აკვანი...
და პაპაჩემიც მთელს ბავშვობას გაუნიავებს
ამბავს, რომელმაც დააღონა მეფეთაგანი,
ამბავს, რომელმაც გულის ფსკერზე ბედი მოკონა.
ვხვდები, წარსულში აიბლანდა ჩემი სამყარო.
კაცი არა ჩანს – გაიაროს! თორემ გოგონა,
აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი