0 80

* * * (თოვს და ყველაფერი ახლოა ჩემს...)


თოვს და ყველაფერი ახლოა ჩემს
ფიფქებს გაკიდებულ გუმანთან...
დილით ალბათ ისევ აღმოაჩენ,
წუხელ თოვამ როგორ უმატა.

ჩვენი ფანჯრის მიღმა სისველეა,
მალავს თებერვალი თარიღებს.
ახლა თოვლი ისე შიშველია,
მზერას შეგნებულად ვარიდებ.

თოვს და ყველა ფიფქი ჩვენი არი,
შეგვრჩა სიყვარული გზა-კვალად.
ახლა ავდგებით და, მშვენიერო,
ქუჩებს ისევ ერთად გავკვალავთ.

დილა ძველებურად ღამეს ევნო,
ცა კი - ისევ ყვება წუხანდელს.
წამო, უგზოობას ავედევნოთ,
თოვლში შევაბიჯოთ მუხლამდე.

წამო, სიყვარულის დრო თუ არი,
ერთად უნდა ვიყოთ, უდავოდ...
თოვლში ხეტიალობს ტროტუარი,
ჩვენ კი ყველა ლექსში ვგუნდაობთ!
კომენტარები (0)