0 42

ამინდური


(დავით დუმბაძეს)

ტალღებს ფეხდაფეხ მოსდევს გუგუნი, 
ნაპირი ახშობს ზღვის ამბოხებას... 
ვწერთ... და ვსაუბრობთ, ეს საუკუნე 
ახლა გვისწრებს თუ უკან მოგვყვება? - 
როცა ზურგს უკან გვრჩება მეტი მზე 
და დაკარგული მიწის სურნელი; 
წვიმა გადარბის გზაჯვარედინზე, 
ჩვენ კი სიჩქარეს ისე ვუნელებთ, – 
თითქოს ვნებდებით ბედის შუქნიშანს 
(სახლში მიმავალ წვიმას ვატარებთ), 
სიღრმეში ტალღას ზღვა მოუკბიჩავს 
ძაღლივით. გარბის... გარბის... მატარეეეე– 
ბელი დაძრულა! კივის სადგური, 
ამის მნახველი და მონაწილე... 
და მეც მივდივარ და ფეხადგმული 
ამინდიც თითქოს სახლში მაცილებს. 
ნაპირთან ქარი გამოიფიტა, 
ზღვამ გამორიყა თავის ჯილაგი. 
ამინდს ლექსები სცვივა ჯიბიდან, 
ჩვენ კი ვკრიფავთ და სულში ვილაგებთ. 
წვიმას ამინდი უდევს სასთუმლად, 
ქალაქი იშრობს ნესტიან კიჩოს. 
მატარებელი უკვე გასულა.... 
ჩვენი სიფხიზლე გამოვა, ბიჭო?!
კომენტარები (0)