* * * (ღრუბლის ქსოვილით...)


ღრუბლის ქსოვილით ქარი ისევ ამინდებს კერავს, 
წვიმს და სოფელში ივსებიან პატარა ტბები... 
ბეღურასავით რომ შემორჩი მშობლიურ კერას, 
დე, ალბათ ახლა წინდას ქსოვ და ბუხართან თბები. 

მე კი მცივა და ვიყინები... ვერ ვითბობ ხელებს! 
რომ არა სწავლა, დავტოვებდი უთუოდ დედა- 
ქალაქს და ჩუმად, ჩვენს ეზოში გამავალ ღელეს 
გადმოვიდოდი და ვიტყოდი: „-სა ხარა, დედა?“ 

გამოხვიდოდი აივანზე ფერმკრთალი სახით 
(თათს შემომკრავდა შარვლის ტოტზე პატარა ლეკვი), 
მომეხვეოდი, ჩამიკრავდი გულში და სახლით 
სულს გამითბობდი (ოცნებებსაც, ფიქრებსაც...) მე კი – 

ასე ნელ-ნელა დამიწევდა მაღალი სიცხე... 
გამომიცხობდი (მშიერ-მწყურვალს) კეცებზე მჭადებს, 
მერე მეტყოდი: „-შეუკეთე ბუხარს ცაცხვის ხე.“ 
და „ნაღვერდალზე“ შევიწვავდი მე თვითონ მწვადებს. 

მერე კი ტყიდან მოვიდოდა დაღლილი მამა, 
ჩამოვსხდებოდით სუფრასთან და ავწევდით ჭიქას,- 
არაყს დავლევდით სამ-სამს მხოლოდ და მხოლოდ წამლად. 
საღამოს - ბაბო ჩამობანდა კამეჩის ჯიქანს, 

ძუძუს მოწყვეტდა პირმშო ზაქის ხის მწარე წკეპლით, 
ჩამოწველიდა, მოხარშავდა რძეს დიდი ქვაბით... 
(ისევ მცივა და ვგრძნობ, რომ სათქმელს გზასავით ვტკეპნი, 
სიცხე მაქვს, რა ვქნა, რომ არ მშველის არცერთი აბი!). 

ღრუბლის ქსოვილით ქარი ისევ სიცივეს კერავს, 
წვიმს და ქალაქი ვეღარ იტევს წვიმიან ამინდს... 
ავად ვარ... ღმერთო, ნუ მანატრებ მშობლიურ კერას 
„და საფარველსა ქვეშე მისსა“ მამყოფე – 
ამინ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი