0 61

* * * (სოფელში წვიმებია...)


სოფელში წვიმებია... უბრალო წვიმებია, უბრალო... 
ხეებიც მოხრილან და ქუჩებში მოძრაობენ ქოლგებით; 
(ჩვენც ასე დავდიოდით) და ახლა უშენობა დაბრალდა 
დროს, რადგან დაგვაშორა: ქუჩებით, ქალაქებით, ოლქებით. 

დუმს ახლა პოეზია და შენზე ლაპარაკობს ამინდი... 
აპრილსაც შესცივდა და მაისი გადაიცვა ორმხრივად. 
ღმერთია ისე ახლოს - სათხოვარს გაიგონებს: -ცა მინდა - 
ცოტათი ავამაღლო, რომ დაბლა გავიარო მოხრილმა. 

უბრალო წვიმებია. სათქმელსაც მერამდენედ ველევი, 
ფიქრი კი ვეღარ სცდება სარკმელთან მოქანავე კვიპაროსს... 
წვიმს ასე, უსამშობლოდ... სოფელში დაიტბორა ველები 
და შენ კი უცხო ცის ქვეშ დარჩენილს საქართველო გიფარავს! 

სოფელში წვიმებია... უბრალო წვიმებია, უბრალო...
კომენტარები (0)