შენ მიდიოდი


ზაფხული, სიცხე, ქუჩა, ქალაქი...
ჩვენ ჩავყვებოდით ჩვენივე ჩრდილებს.
იდგა სიჩუმე და ლაპარაკიც
ყელიდან მორცხვად იხსნიდა ღილებს...
დუმდნენ კითხვები და საკითხავი 
ბევრი მოგროვდა ფიქრებში გუშინ.
მინდოდა მეთქვა... და ვერ გითხარი,
ის, რაც ათასჯერ ვიძახე გულში.
რასაც აქამდე ხალისით ვწერდი,
ღამეთა ტეხვით და გაფითრებით...
ქუჩას შემოვრჩი იმდენად ერთი,
როცა ხელიდან შენი თითები
მოსწყდა... და ქალაქს მზე აფიცხებდა,
ფეხს ვერ იცვლიდნენ ხეთა ჩრდილები.	
საღამო დინჯად შედგა ხიდზე და
სხვა არაფერი დანამდვილებით - 
აღარ მახსოვს, თუ ვეღარ ვიხსენებ,
ამ განშორების ამბავს, უხსოვარს...
შენ მიდიოდი... მე კი ისევე -
ვფიქრობდი ჩემთვის, - ისე უცხო ვარ,
როგორც ზაფხული, როგორც ქალაქი...
ჩავყევი დაღმართს... და ვიწყებ ჯახირს.
შენ მიდიოდი... და ლაპარაკი 
სხვა დანარჩენზე ნამდვილად არ ღირს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი