განშორების პოეზია

შავი ღამეები გავათენე,
ბევრჯერ შიშისაგან გავიტრუნე,
გორდება სიკვდილის კამათელი,
(თვალები - სიცოცხლის გარნიტურა,
ფიქრები - საოცარი გარნიზონი).
სიცხე ვარაუდით გავიზომე.

დაცურავს ტალღებზე გალეონი
სისველეს ფესვებით ვაფასებდი,
ჩაიწვა ბოლომდე ყალიონი,
ფიქრები ჩავყლაპე ნაფაზებად,
თვალებზე სისველე შევიმშრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.

ვიღვიძებ არათუ სასთუმალზე,
არამედ სხეულზე ორეულის,
თუ ჩემს თავს სიმართლე დავუმალე,
დავრჩები ტკივილით მოლეული,
რადგან ეს წყეული გაგიჟება,
მე ვიცი ძვირად, რომ დამიჯდება.

მივდივარ, სიცოცხლის ზურგის ჩანთა
მიმაქვს და უთუოდ არ ვინანებ,
(ბოდიში ცრემლები თუ მიჩანდა)...
ჩემი გადამრჩენი არვინ არის,
უფალო ცოდვილი შემიბრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.