ჩ ვ ე ნ


იყო უდაბნო გრძნობების, მე და შენ ვიყავით მისი ლაგუნა,
იყო სიცივე, იყო სიცხეც და ჩემი სიწითლე დავმალე,
ეს ყველაფერი იძულებით ჩემს თავს, ჰო! შენს გამო ვარგუნე,
სამყაროს ბრუნვა იყო გუშინ და ყოველთვის ღერძის კაბალა.

მე შევისწავლე თეატრების ყველა სახე... იცი კაბუკიც?!
გავითამაშე ყველაფერი, პადრე, მღვდელი, ვიღაც რაბინი,
ჩემი ფრჩხილებით ჩამოვთალე სიმწრისაგან მწიფე ბამბუკი,
და გავაკეთე ნაფრცქვენებით, ჩვენთვის ვიწრო მკვრივი კაბინა.

სავადყოფოში, რომ გექნება სამუდამო სახლი - პალატა,
სწორედ ისე ვარ, უშენობას ვატარებ უკვე ვაგონით,
ჩემში არ არის, სიძულვილი, შური, ბოღმა და არც ღალატი,
გულში ვამბობ და... მერე ვყვირი, ალბათ გარეთ ყველას ვაგონებ.

გუშინ გაჩუქე, ქარვისფერი, გაქექილი, ძველი საყურე,
ჩემიდან შენთან, კილომეტრი საათის ისრებით მოვზომე,
ოთახის ცენტრში, იატაკზე წვრილნაყოფა ყრია საკურა,
დედამიწას კი ჭრილობები გაუღრმავდა, გაჩნდა ოზონი.

მე გადმოვყარე აივნიდან სიხარულის მთელი პაკეტი,
გადმოვაყოლე ტანსაცმელი, სამაჯური, თხელი საფულეც,
შენი სურათის მეშვეობით, საკუთარ იმედსაც ვაკეთებ,
ჩემი ცხოვრება, ხანდახან და უფრო ხშირად არ ჰგავს ფაბულას.

ტუჩებს მივატან ტკივილს და ალბათ პურში ჩადებულ ციანიდს,
ჩემს გულისცემას უხდება შენი თვალები, სმენა, აურა,
გარეთ ამინდი მოიბუზა, როგორც ქალის ტანი - მცივანა,
და სამყარომაც დაიჩემა უჩვეულო თეთრი ხმაური.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი