ბერგამ


ხანდახან უნდა გაიქცე,
რადგან გაქცევა საპატიოა,
როგორც მატყუარა ცნობა სკოლაში...
ყველაზე მარტივი ახსნა - 
ალბათ დაიღალე,
ყველაეფრი მოგბეზრდა,
ხანდახან ასეც ხდება.
ჰაერი ისეთი მძიმეა,
თითქოს ლოდებს სუნთქავდე
ჟანგბადის ნაცვლად.

ხანდახან უნდა გაიცინო,
რადგან სიცილი ერთადერთია
იმ პოზათაგან, რომელიც მოგვწონს,
რომელიც მუდამ სასაცილოა.
ამინდია დღეს უცნაური -
არ მომწონს, როგორც ხშირად
პირადობის მოწმობის სურათი
არ მოგვწონს ადამიანებს.
აქ ალბათ გაგეღიმებათ
და გაიფიქრებთ - 
თითქოს საოცარი მიგნება „აღმოვაჩინე“,
მაგრამ ამაზე ხომ ყველას გვიფიქრია,
ერთხელ მაინც...

რაღაც თავისუფლად მეწერება,
ბოლო დროს ძალიან რთულია წერა,
ძნელია, როცა თავზე იარაღით გადგას ვიღაც
და გემუქრება, რომ ფიქრები დაგტყუოს,
ან რაში უნდა გამოიყენოს ჩემი ფიქრები,
მე ერთ-ერთი არქიმედეთაგანი ვარ,
რომელსაც გვიან, ან არასდროს, დააფასებენ.
აქ კი უთუოდ უნდა გაიცინოთ და
მისაყვედუროდ ამპარტავნობისდა გამო...

ქალაქში არ ღირს გასეირნება,
შეცვლილია ბრბოს სახე,
ყველა ჭკვიანია (ნაკვთებით),
მხატვრებს დეპრესია დაემართათ,
ვინ (რა) დახატონ აღარ იციან.
ისევ ვაშლს თუ დახატავ კაცი,
არა მიჩურინის, არც „ნიუტონის“,
უბრალოდ, გორის ვაშლს დახატავ,
აქ ალბათ გაგახსენდათ მხ.ფ. „შერეკილები“,
ანუ უთუოდ გადაიხარხარეთ, ალბათ.

და ბოლოს!
დამღლელია წერაც,
რაც არ უნდა გენიალურ რამეს წერდე,
წერტილია საჭირო დასასრულში, ან სამწერტილი,
ან უბრალოდ კითხვის ნიშანი.
თუ რა სასვენი ნიშნით უნდა დამთავრდეს ეს ნაწერი,
თქვენ გადაწყვიტეთ.
გვეშველება რამე

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი