0 107

პალატა #12


ართობს აპრილი დედამიწის ვიწრო კულისებს,
იცვლის ეს ქარიც დასავლეთის მიმართულებას,
მოემართება უხმაუროდ შენი ყურისკენ,
ქარი - ნოტიო, ქარი - წყნარი, ქარი - სულელი.

რადგან არაფერს დაგივიწყებს, რადგან არაფრით,
დაგაქვს სხეული, ოდნავ მშრალი, ოდნავ მოკვდავი,
ითვლი არასდროს, ასრულებულ გულის ჩანაფიქრს,
გხიბლავს რადგანაც, მინავლული ერთი ოქტავა.

კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის,
ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,
ეკლიან გზაზე ყოფნა გიწევს, ჰოდა თუ ივლი,
შენს წილ სამყაროს, შენს წილ ვნებას ალბათ იჩუქებ.

შენ ფლობ ამ ღამეს და ამ ღამეს ფეხში ედები,
ამგვარ წყვდიადში, ამგვარ ტყეში, ამგვარ და ა.შ.
დაეხეტები უგზოუკვლოდ, იცი შედეგიც -
საკეისროთი საკუთარ თავს ვეღარ გააჩენ.

გქვია სახელად - არაფერი, გვარიც არა გაქვს,
იცი არასდროს საკუთარი კვირის განრიგი,
შენი თვალებით დაწყებული წყევლი არაქათს,
რომელიც ისე დაგელია, ვერც კი გაიგე.

რადგან ყოველთვის ასე იყო, ალბათ იქნება
კიდეც, თუ ვინმემ არ შეცვალა ბრუნვა საათის,
ჩამოსათვლელად დაგელია უკვე ფიქრები,
სამამდე ითვლი, მერე ისევ კეცავ არათითს.

გარეთ დამთავრდა თვითმკვლელობის აქტი ჩვეული,
ღრუბლებს გაუწყდათ მოთმინების ძარღვი, გაწვიმდა,
და აღარ გყოფნის ასაღწერად უკვე რვეული,
თუ მერამდენედ გაგეპარა მთვარე ნაძვიდან.

დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე,
თითქოს დგახარ და თითო ღამეს პულტით იღამებ,
და დედამიწის მსგავსად შენაც ვერ მოიგლიჯე,
პროტოსფეროდან დაწყებული შავი ნიღაბი.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)