შეგრძნებების მხარდამხარ


ვზივარ იმაზე მოწყენილი, ვიდრე როდესმე,
ვუსმენ ამ ბოლოს უფრო მეტად რაღაც ესპანურ
მუსიკას, უკვე პოზას ვიჩვევ, თითქოს გროტესკულს,
სარაჯიშვილის ფირმის ვწრუპავ (წითელ) შამპანურს.

გარეთ ვარსკვლავებს მოემატათ ათით კანდელი,
ხელისგულებზე დამეტია მთვარის წრეწირი,
მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს სანთელი,
სამი პირჯვარი რიგრიგობით უფალს შევწირე.

რაღაც სხვაგვარი ხასიათი დადის გარშემო,
ოთახში დაქრის მოჩვენება, თითქოს რაღაცა,
კარს ვაღებ, გხედავ, გეუბნები, წადი, ან შემო,
რადგან დაღამდა, ათი წუთი პირველს გადაცდა.

შენ კი იცინი (როგორ მიყვარს კადრი ასეთი),
არ ვეგუები უშენობას, გხედავ ყოველთვის,
ხარ ჩემს წინაშე გულგახსნილი, როგორც გაზეთი,
და მიყვარს შენი სიყვარული, კოცნას რომ ერთვის.

ვზივარ იმაზე მოწყენილი, ვიდრე როდესმე,
ვუსმენ ამ ბოლოს უფრო მეტად რაღაც ესპანურ
მუსიკას, უკვე პოზას ვიჩვევ, თითქოს გროტესკულს,
სარაჯიშვილის ფირმის ვწრუპავ (წითელ) შამპანურს.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი