0 3407

თვალს მიხვევენ..


თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ,
და მაგდებენ საკირეში!
ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა
მითვლიან მე ერთ კვირეში!

მამა-პაპის სწორ გზაზედა
სიარულსაც კი მიშლიან,
მაგიერად მათ მრუდ გზაზედ
ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,
გინდა იყოს ეკლიანი:
ვიცი, სხვებიც მომყვებიან
ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!

და თუ ვინმემ გადუხვია
და გადასდგა მრუდედ ფეხი,
გაუსკდეს მას დედამიწა
და დაეცეს თავზედ მეხი!
კომენტარები (0)