აკაკი წერეთელი - ფოტო

აკაკი წერეთელი

პოეტი, მწერალი

აღმართ-აღმართ

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული,
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.

ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: „ცხვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!"

და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"

გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"

მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე!"

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!
ხელდაკრებიფით განისვენე მარადის!