0 164

ეპიტათია წყალზე


რას აირეკლავს ჩემი მზერა
წყალში, ჩემი გახელილი თვალების სივრცე
რას უერთდება, როცა წყალმცენარეები
ირხევიან და არ შრიალებენ
წყალში, სადაც არ არის გზა
და არ რჩება კვალი სულიერთა მოძრაობისა.

მე წამოვედი იმ ქვეყნიდან,
სადაც ეკლესიებს აგებენ ქურდები
და ჩინოვნიკები, სადაც
ლოცვა არ იწევს ცისკენ.

წყალი ახლა სახლია ჩემი –
კარს თვითონ აღებს და
საკუთარი თავიდან გადის,
ხოლო, როცა ბრუნდება უკან,
აქ, წარმოსახვით მაგიდაზე
მთვლემარე თევზებს ჩემი ფიქრის
ნამცეცებს უყრის.

ყველანაირად გამსუბუქდა ჩემი სხეული,
მაგრამ რა ვუყო ცოდვას, რომელიც
წყლის ზედაპირზე ამოსვლას მიშლის,
რა ვუყო ცუდად დაფარულ წარსულს,
ტანზე დუმფარად რომ ამომივა
და გამოჩნდება?...

ან რა იქნება დამალული?...
მე გევედრები,
ვიდრე საკუთარ ძვლებს დავინახავ,
ღმერთო, ეს მატლი შემაყვარე,
ჩემს სხეულში რომ დაბუდდა ახლა.
კომენტარები (0)