აღსარება


მე ურნა ვარ –
ნაგვის ურნა
წუთისოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე
და ჩემში ყრია
არა მარტო
კარტოფილის ნაფცქვენები,
ბლის კურკები, გამოყენებული
ერთჯერადი შპრიცები და
საპარსები
უნებლიე ჭრილობის სისხლით,
თმებით,
არა მარტო
ნახორხალზე მიმკვდარი თაგვი,
საკუთარი ბიოგრაფიით
უკმაყოფილო პოეტების ხელნაწერები,
საჯარო პირთა ჰალსტუხები
და საერთოდ –
ხარახურა მთელი ქუჩისა,
არამედ

კიდევ:
პაპაჩემის მიერ აფეთქებული
ეკლესიის ნანგრევები,
უმწეობაში გარდაცვლილი მეზობლის
მზერა – შველას რომ მთხოვდა,
მე კი თვალიც არ დავუხუჭე და
ათასი, ათასჯერ მეტი
გულისთქმა თუ გულისწადილი,
რომლითაც მუდამ
მოყვასის ცოლთა რბილ ადგილებს,
სახლ-კარს და ვირებს
უსირცხვილოდ ვეხარბებოდი,
ყმაწვილობისას
ნაწამები ხვლიკები და
ერთმანეთზე მისრესილი ჭიანჭველები
და დაღები ფსიქიკაში,
როცა სამყაროს მხოლოდ ხორცით გრძნობ
და ხორცი, ხორცი –
თვითონ ხორცი,
რომელმაც მერე თანდათანობით
გარემომიცვა.

ახლა კი ვნატრობ:
როდესაც უცებ ღმერთი მოვა
წუთისოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე
და ტროტუარის გასწვრივ ურნებს
თვალით ჩახედავს,
როგორც მენაგვემ,
დაანთოს ჩემში ღვთიური ცეცხლი
და ამნაირად,
მის სადიდებლად,
სამუდამოდ გამასუფთავოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი