დავით გურამიშვილი


ქართლის მიწაზე პურს თუ ლეწავდი,
სათიბელათი თიბავდი მიწას?
გარაყანიანთ ქალს თუ ეძახდი,
მისდევდი ქსანზე ატეხილ ჭალას?
ქართლის მიწაზე პურს თუ ლეწავდი,
სათიბელათი თიბავდი ბალახს?
ქსანზე ყელამდე იდგა შალაფა
და ოქროსფერად ჰყვაოდა ძეძვი...
თუ ატარებდი შენც ლურჯ ქალამანს,
მკერდგაღეღილი პერანგი გეცვა?
ქსანზე ყელამდე იდგა შალაფა,
და ოქროსფერად ჰყვაოდა ძეძვი...
აგე, ის მუხა ცაში აწვდილი,
მზე ვენახებზე მავალი ცურვით...
წყალზე იხრება შენი აჩრდილი,
სვამ და ვერასდროს ვერ იკლავ წყურვილს...
აგე, ის მუხა ცაში აწვდილი,
მზე ვენახებზე მავალი ცურვით...
მთებს თუ ესმოდათ შენი ძახილი
რაღაც მდუმარე ნაღველით სავსეს?
ყვავილი წყაროს თავთან დახრილი
მერე არასდროს ჩასულა წყალზე:
მას თუ ესმოდა შენი ძახილი
რაღაც უთქმელი ნაღველით სავსეს?
ეს ბილიკები გადაგატარეს
და შორეული ჩუმი ქედები...
ლამისყანაში ცისკრის ვარსკვლავი
შენი თვალებით თუ იხედება?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი