წელთგზაზე..


წელთგზაზე ფრთხილად აბიჯებს ცხენი,
აღარ მიიწევს ჯიუტად თავქვე...
ულამაზესნი ჰგიან ყვავილნი –
სამოთხეა და... სიკვდილიც აქვე!
ნისლმოხვეული არხოტის ყელი
შორს, სადღაც, ღრუბელთ გადაღმა დარჩა.
ვიღაც გეწევა უფრსკულებისკენ-
თითქოს ეშმაკი და თითქოს ქაჯი...
ქარი მოსკდება მწვერვალებიდან-
იწყება ღორღთა და ლოდთა ცვენა...
წელთგზა –ეშმაკის სავალი გზაა,
ჭკვიანად, ფრთხილად აბიჯებს ცხენი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი