მე მივაშურებ ურარტუს ქვაბებს


ფეხზე მაცვია ირმის ტყავით
შეკრული ხამლი,
ვაღმერთებ მზესა,
ვანთებ ცეცხლსა
და მზისკენ მიდის რძისფერი კვამლი. . .
დღისით ვნადირობ, წვრილ ნადირთა
ბუნაგებს ვარბევ
კეტით და მშვილდით.
და თუ გამოჩნდა ნადირი დიდი,
მყის მივაშურებ ურარტუს ქვაბებს.
ჩამეძინება ათასნაირ
მხეცთან ნატოქარს,
მე არ მაწუხებს ხვალისათვის
ფიქრი და ჯავრი. . .
ვარსკვლავთა ვუჭვრეტ შიშით და მალვით,
უდაბურს ტყეში დაძრწის მარტორქა. . .
ქარუ გუგუნებს ქვაბის კართან
თავგანწირული,
ხმა აქვს საზარი. . .
რათა უმწეოს დამცეს თავზარი,
ქვაბის სიღრმეში წვეთავს ყინული. . .
ფეხზე მაცვია ირმის ტყავით
შეკრული ხამლი,
ვაღმერთებ მზესა,
ვანთებ ცეცხლსა
და ვწირავ მსხვერპლსა. . .
გრძნეულ ურარტუს ეფინება
რძისფერი კვამლი. . .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი