არჩილ სულაკაური - ფოტო

არჩილ სულაკაური

პოეტი, პროზაიკოსი

0 1786

ელენე ახვლედიანს


ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,
ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,
რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
თოვს, ქალბატონო!
და ჩუმი თოვლი —
ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
წარმავალობა ამ წუთისოფლის
უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
იასამნების,
იის,
იელის
თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
თოვს, ქალბატონო!
რა მშვენიერი
თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!

ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
წვიმიანი საღამო

მთელი დღე წვიმდა...
წვიმს ახლაც ისევ...
დაძენძილია ღრუბლებით ზეცა.
ფიქრებს ძვირფასი წიგნივით ვიძენ,
წიგნივით ვფურცლავ,
წიგნივით ვკეცავ.
მე ჩემი ტვირთი სხვასავით მიმაქვს,
მიმაქვს მძიმე და ყრუ ამინდები,
მოწყენის ტყვიებს მიმიზნებს წვიმა
და სველი ფრთებით სად გავფრინდები?!
კომენტარები (0)