ბათუ დანელია - ფოტო

ბათუ დანელია

პოეტი, ფილოლოგი

0 167

ცა წყაროს პეშვიდან


როცა გზას გულად უცემს ბავშვები,
ან როცა ვხედავ ამაყ თრიალეთს _
ტანში დამივლის უცებ სამშობლო,
გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს,

თითქოს სულეთის ზეცა მეხუროს
და სულს სამოთხის ბაღში ვაწობდე,
სადაც ანათებს ღვთის ნაფეხური
და ვერ ჩააქრობს დრო ვერასოდეს

და ანგელოზიც თითქოს მისმენდეს
სიმღერით მცურავს ზეცის რძეში და...
სინამდვილეში აქ ვარ ისევე,
მიწა ცას მასმევს წყაროს პეშვიდან...

და როცა სულზე ვარდის ნამივით
გადვივლებ ნეტარ წამთა ციალებს _
უცებ სამშობლო ტანში დამივლის,
გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს.
კომენტარები (0)