შვებულება


აქ მეცხრე ტალღების ჭამაღა ამშვიდებს
შიმშილით მღელვარე ზღვას...
აქ ყვავილები იჭყიტებიან,
როგორც მიწის ჭრელი თვალები _
მათ დასანახად კი ღირს მოსვლა
აქ შვებულებით!
მე რომ მოვსულვარ, გამარჯობა
მითქვამს ტირილით
და არვის უთქვამს, გაგიმარჯოსო,
ალბათ იმიტომ ვტიროდი მერეც...
ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ორჯერ, ისიც
იოგების ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის
დროის მანძილზე,
დაიფინება სამოთხის ჩრდილი,
რომელშიც თავი უნდა შევყოთ
ჩვენ თავის დროზე
რომ არ დავიწვათ სიყვარულის,
სიღარიბის თუ რაღაცების პაპანაქებით...
მე კი გრძნობებმა მიღალატეს
და დროზე ადრე გამოვუტყდი ქალს სიყვარულში...

ადამიანი კი არ ცხოვრობს _
დღე-ღამეების ბაგირსა გრეხს
უკან _ შინისკენ დასაბრუნებლად...
აქ კი თოვა და ანთებული ლამპიონები
ჩვენს სულებს ფარფატს ასწავლიან,
ვიდრე ჩვენ გვძინავს
და ვიდრე სიზმრის ხატპეპელა
გაზაფხულის მინდვრებისკენ მიგვარბენინებს.

წყალიც და სიზმარიც სიზმარშია
თითქოს ნაპოვნი,
თითქოს ისინი გვიყენებენ ჩვენ საარსებოდ
და ვინც იმ ქვეყნად გაემგზავრა,
ყველა აქ იყო შვებულებით.

მეც აქ მოვედი შვებულებით და არა სხვაგან,
რომ თაფლის ნაცვლად დანაღმული
სიტყვა მეჭამა
და აფეთქების მოლოდინში
დროის ფანჯრებზე ჭრილობები
ჩამომეკიდა სისხლის ფარდებად
და მელნისფერი ტკივილები გამომეფინა
მარტოობის გალერეაში...

და შვებულება ვიდრე მორჩება,
აქ შეგიძლია სისხლი ადინო
ქვასა და რკინას
და გონს დროზე თუ არ მოეგე,
აქ წინ ვერავინ გადაგიდგება _
მოძმეს მტრისაგან ვერ გაარჩევ
და მისი სისხლის დაღვრაზედაც
არ იტყვი უარს.

მიტომ გვაძლევენ შვებულებას ასერიგ მოკლეს
არ გვენდობიან ზეციერნი
და ეს არნდობა ქრისტეს ჯვარცმით
გაათასწილდა...
და ჩვენ ყველას გვინდება ქონა
ასე თვალის და ასი ყურის,
ასი ხელის და ასი ფეხის,
რათა მოვასწროთ სუყველაფრის ნახვა-მოსმენა,
ყველგან მისვლა და ყოვლის შეხება
და ყველა სივრცის დაზომება
ლტოლვის სამოსად...

რაღაც დამარხა ჩვენში სიკვდილმა,
ჯერ კიდევ ცაში,
ვიდრე მოგვცემდნენ შვებულებას...
რაღაც დამარხა ჩვენში სიკვდილმა
და ჩვენთან იმის ამოსათხრელ-ამოსაცლელად
მანამ არ მოვა,
ვიდრე იგი არ დასჭირდება...

ადამიანი კი არ ცხოვრობს _
დღე-ღამეების ბაგირსა გრეხს,
რომ მასზე მაღლა ცოცვა-ცოცვით
დაბრუნდეს შინ შვებულებიდან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი