ბათუ დანელია - ფოტო

ბათუ დანელია

პოეტი, ფილოლოგი

0 252

სიყვარულის ზღვაში


შენი მზესავით სიშიშვლის ბორცვოვან ფართობს
ასდის სურნელი დასაკრეფ მარწყვის და ქვიშნის.
ქალი და კაცი ასეთ დროს – არიან მარტო...
ჩქარა, გაშალე!.. – გაშალე აფრები ფართოდ! –
აფრების გაშლას, ამ ზღვაში, არავინ გიშლის.
აღელვებული ზღვა, ნავებს, ისევე გვამსხვრევს
და გვაბურთავებს ვნებათა ტალღების ზვავზე...
და არი შტორმი... და როგორც საათი ქვიშის,
ვართ ზევით-ქვევით, უხილავ სინათლით სავსე...

არაფერია, ამ ცისქვეშ, იმაზე კარგი,
როგრც ვნებათა დარჩენა პირისპირ შიშვლად
და, როგორც ჟამი – საკუთარ არსების კარგვის,
როცა ხელები გართულან ალერსის ქარგვით
და ერთმანეთში ერთმანეთს ჟრუანტლად ვნიშნავთ,
და სიყვარულის დროშები გაშლილან ისე,
როგორც მუსიკის წიაღში – მოცარტი, ბიზე...
და არ არსებობს არაფრის ზღვარი და მიჯნა,
ვიდრე სიამის შუბ-ისრებს ვისევთ და ვისევთ.

რაღაცა, ჩვენკენ, სინათლის გემივით, მოდის,
დაგვეჯახება და ზღვაში ჩაგვძირავს – ნავებს,
ზემოთ დარჩება მსხვრევის ხმა სხვადასხვა ნოტის
და ამოყვინთვას, ვინ იცის, შევიძლებთ როდის!
ისე ვართ, თითქოს მიწისძვრის ხელები გვძრავენ,
მაგრამ უვნებლად ვაწყდებით სიმშვიდის ქარაფს...
და გონზე მოსვლის სიმწარე, ნელ-ნელა, გვზარავს
და ზღვისგან ძლეულთ, ნაპირზე გაგვრიყავს ზღვავე,
იქ, სადაც ყრია სიცოცხლის ურიცხვი ტარა.
კომენტარები (0)