ბათუ დანელია - ფოტო

ბათუ დანელია

პოეტი, ფილოლოგი

ადრიან

რა კარგი გოგო ხარ, რა კარგი!
ხელიდან დაუსხლტი ორ ბიჭს...
ჩანთა და წიგნები დაკარგე
და შფოთვით შინისკენ მორბი.

მორბიხარ მეშვიდე კლასელი.
ლეღვს ჰგავხარ, ადრიან მწიფეს,
მოგწყვეტენ!.. აბა შენ რას ელი!
აბა მათ რისთვის აქეთ კბიე!

არ იცი, რა სურდათ იმ ბიჭებს!
ძალიან კარგადაც იცი...
ან კვიცად რომელი მიგიჩნევს,
როდესაც აღარ ხარ კვიცი!..

უკვე შენს სიცილსაც სხვაგვარად
უსმენენ ბიჭები, რადგან
აცხუნებ, როგორც მზე თაკარა
ზაფხული ადრიან დადგა...

სახეზე გიღუის ნაკვთები,
ლალისფრად ელავ და ბროლობ.
თხუთმეტის გაისად გახდები,
თოთხმეტის შესრულდი მხოლოდ.

და ტოლობ მოწიფულ ქალიშვილს,
იღერებ ფაშატის კისერს
და ვნებით ფეთქებად ქალაქში
კვიცივით დახტუნავ ისევ...

აი, დღეს გადარჩი როგორღაც –
ხელიდან დაუსხლტი ორ ბიჭს...
ძალიან მაგარი გოგო ხარ,
რაკიღა შინისკენ მორბი...