ფართო სტრიქონი


სტრიქონი, ზოგჯერ გამომდის ისეთი ფართო,
რომ მინდა მხრებად ვატარო... დავრჩები მარტო
და თავს, სარკეში ყურებით, ბავშვით ვართობ.
მაშინ გახედვაც კი ძალმიძს ჩემსავ თავიდან,
როგორც ფანჯრიდან, რომ ვნახო სხვათა ხვავი და
ჩემი – ყველაზე უხვი და მდიდარი დარდი,
რომელიც დიდი ხანია ჩემგან წავიდა...

მე ფართო სტრიქონს საზომად ვიყენებ კიდეც,
თან იმ მანძილის საზომად, რომელიც მიდევს
წინ გასასვლელად, არადა, გადამფრენ ჩიტებს
არ ძალუძთ მისი გალევა... განიერ სტრიქონს
გულიც, სიღრმეთა საზომად, თითივით იყოფს
ჭრილობებში და... ლამაზი ქალებიც რიდედ
მთხოვენ მას მზეზე და ვაზიც მასა მთხოვს ჭიგოდ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი