სული და მუსიკა


რატომ გვიცახცახებს სული აგრერიგად,
როცა ამქვეყნიურ ყოფნას ვეთხოვებით?! -
უნდა მოგვესმინა მეტი ვაგნერი და
მეტი მოცარტი და მეტი ბეთჰოვენი.

ჩვენც რომ გაგვეშიფრა ვარსკვლავთ ფუსფუსი და
ჩვენც რომ დაგვქნეოდა ხელი სასწაულის -
ჰანგად დაგვათოვდა ლოცვა კოსმოსიდან,
სული დაგვრჩებოდა მისგან განსწავლული.

მერე, სიკვდილისას, აღარ ვიშფოთებდით,
აღარ მოგვიწევდა შიშით გატაცება… -
თავთით გვედგებოდა დედა ღვთისმშობელი,
ხოლო მაცხოვარი პირჯვარს გადაგვწერდა.

და სულს დაგვიცხრობდა ქნარიც ეოლესი,
რომ არ გვემწუხარა წასვლის მოლოდინით,
რადგან, რაც აორტა არის სხეულისთვის,
იმად ევლინებათ სულებს მელოდია.

მხოლოდ მუსიკაში სუფევს სასუფევლის
მსგავსი ატმოსფერო უსათნოესი და -
ღრუბლებს მიწისათვის წვიმის ნაზუქები
სწორედ მერწყულივით უნდა მოეზიდათ…

და ჩვენც აგვამაღლებს ფუგა მონატრების!
და ჩვენც დაგვამშვენებს ლტოლვის ფორტისიმო!
ქარის სკერცოებიც, თოვლის სონატებიც,
წვიმის სიმფონიაც უნდა მოვისმინოთ,

როგორც ვაგნერზედაც მეტი ვაგნერი და,
როგორც ბეთჰოვენზეც მეტი ბეთჰოვენი
და არ დაგვიფრთხება სული აგრერიგად,
როცა ამქვეყნიურ ყოფნას ვეთხოვებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი