8 თებერვალი

(ისე უბრალოდ)
ცხოვრებას ჩემი არა აქვს ვალი,
წუხელ გავცივდი და ტანში მამტვრევს.
მე მგონი იყო 8 თებერვალი,
რომ შემოაკვდა პუშკინი დანტესს.
ვფიქრობ, სალექსედ თავს არ ვიქეზებ.
(მე მიყვარს როცა ჩემზე დარდობენ)
და არ არსებობს ახლა მიზეზი
დღეს თავის მოკვლას რომ მომანდომებს.
“ცხოვრებას უყვარს მახის დაგება”
ამოვაყოლე სხვის აზრს ნაფაზი.
ზოგს მცირეც ისე ეამაყება
მე ჩემ ტანჯვასაც რომ ვერ ვაფასებ.
თარიღს არასდროს მიუძღვის ბრალი,
ბედს, არ ვცდილვარ და ვერც დავუშლიდი.
უბრალო იყო 8 თებერვალი
რომ შემოაკვდა დანტესს პუშკინი.