ბაიისფერი ბია..

ბაიისფერი ბია
არწევს სიმშვიდის აკვანს,
შორს მთვარის სათიბია
ქარს რომ ზღვისაკენ წაყვა.
ზღვისკენ ქართაა თავლა,
შენც მათი გშვენის პარვა.
ტანზე აისხამ დავლად
მთვარის სათიბის ქარვას...
ელავს მზიური მძივით
ტუჩები სველი თუთის.
მკერდი ნასუსხი თივით,
ზედ ნათითური ხუთი.
არწევს სიმშვიდის კარავს
ბაიისფერი ბია,
რამდენი მოგიპარავს
მზისკენ რომ ქარნი რბიან...
შორ ზღვათა საიქიოს
მიაპობს მთვარის რაში,
შენი გაზრდილი სიო
გადაჩეხილა ცაში.
ის მზეს ზღვისაკენ წაყვა,
სად სათიბია მთვარის,
სად ისევ სცემენ თაყვანს
ბედაურები ქარის...