მთვარე ამოვა დღეს უფრო მარცხნივ..

მთვარე ამოვა დღეს უფრო მარცხნივ,
ისევ ვიდარდებ ბედზე, ყოფაზე.
დგას აივანთან მოხუცი ცაცხვი
და ხშირად ვფიქრობ თვითმკვლელობაზე.
მომავალს მეტი ახლავს ნაღველი,
მალე გავიჩენ ძვირფას საფლავებს.
რა ვქნა, ლექსების ბედი მაღელვებს,
თავს ვერ მოვიკლავ ასე, ახლავე...
წარსული რაღა სასაუბროა,
თავის დაღუპვას შენ თუ მიშლიდი.
და ჩემი რწმენაც ნატვრა უფროა
რომ იყოს სადღაც ღმერთი, სიმშვიდე...
ამოვა მთვარე დღეს უფრო მარცხნივ,
ვიდარდებ ისევ ბედზე, ყოფაზე.
დგას აივანთან მოხუცი ცაცხვი
და ხშირად ვფიქრობ თვითმკვლელობაზე...