პოეზიით ისეა სული განაღვივები..

პოეზიით ისეა სული განაღვივები
თუნდაც ბედო მზაკვარი ნადირივით დამტორე.
მხოლოდ შემოდგომის ტანს ესხას მთვარის მძივები,
ოქროსფერი სამოსი _ მხოლოდ იმპერატორებს!
არაფერი გამოვა, იცი დროსთან მტრობიდან,
სულო, ამაოება არასდროს მიგატოვებს.
მზეს ყოველთვის ტალღების ელის გილიოტინა,
გამორჩევით სიკვდილი _ მხოლოდ იმპერატორებს!
მილიონი სიცოცხლე სდევდა მეფის მანტიას,
(ალბათ მუდამ ამიტომ ატარებდნენ მეწამულს)
ვინც ყოველი პწკარისთვის სისხლი გადაანთხია
ღვთაებრივი იქორით მხოლოდ ის მოიწამლოს!
დღეებს გადამიფურცლავს ქარიშხალთა მარაო,
პოეზიით სიკვდილი! _ მეც ამისთვის მოვედი.
ისე როგორც მზის ოფლი ჩასახავდა ფარაონს,
მხოლოდ შემოდგომისთვის დაიბადოს პოეტი.
თუ მღელვარე ტალღებზე რწევით დავიბანგები
მჯერა, ნერეიდებო არასდროს მიმატოვებთ.
ერთადერთი ღვთაება იყოს მთვარის ჰანგები!
ოქროსფერი სამოსი მხოლოდ იმპერატორებს!