საკრალური ქარები

მტვრიან ეპიტაფიებს შლიან ფოლიანტებად
საკრალური ქარები...
და ჰყვებიან მწუხარედ,
სავსე მთვარის არილი, წლები მჭვირვალ ლანდებად
მხოლოდ გაელვებაა...
ეპოქები მქუხარე.
მგლოვიარე ნისლების შენიღბულ მისტერიით,
საფლავიდან საფლავში
სულთა გადახეტების
უძიროა წუხილი, გაყინული კერიის
ზამთრიან ზღვის აპრილი,
იალქნიან ხედებით.
ეჰ, დრო მთვარის პროფილზე ამღვრეული მტვერია,
ყორნისეულ ცრემლების
გიშრიან კრისტალებით
მწველი ამაოების საფლავებზე წერია:
დაამსხვრევენ ეპოქებს
საკრალური ქარები...